მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 216 დღე რჩება. სასწორზე კი გაცილებით უფრო მეტი დევს, ვიდრე პოლიტიკური ძალაუფლებაა. სასწორზე ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი დევს. რატომ იქნება ეს არჩევანი ეგზისტენციალური? მოკლედ ვიტყვი, "ქართული ოცნება" უკვე ღიად ადგას ავტორიტარიზმის გზას, და აღარც რუსეთთან მის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ფლირტს აღარ მალავს.
ერთიც და მეორეც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს განადგურებას და რუსეთის მაჩანჩალა პროვინციად გადაქცევას ნიშნავს. არადა დღეს უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება საქართველოსთვის, რომ მან ევროკავშირში და NATO-ში საბოლოოდ დაიმკვიდროს თავი და მდიდარ და დემოკრატიულ ქვეყანად იქცეს.
თუმცა, მანამდე არის არჩევნები, რომლისთვისაც პოლიტიკურმა სპექტრმა უკვე დაიწყო მზადება. მათ შორის "ქართულმა ოცნებამ" ახალი სიმძლავრით ამოქოქა ზიზღისა და სიძულვილის კამპანია, სულ უფრო მეტად აქტიურად იყენებს ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული რუსული კონსპირაციის თეორიებს და ა.შ.
მაგრამ დღეს ოპოზციის გეგმებსა და იმ კონფიგურაციაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც არჩევნებამდე 7 თვით ადრე იკვეთება. თუმცა არც ისაა გამორიცხული, საქმე მხოლოდ ადრეულ კონტურებთან გვქონდეს. როგორც არ უნდა იყოს, საარჩევნო ციებ-ცხელება უკვე დაიწყო.