"შეშფოთებული თბილისელები აგრძელებენ ყვავილების მიტანას ტრაგედიისას დაღუპულთა გამო... მადლობა ყველას", - ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია სოციალურ ქსელში წერს.
"შეშფოთებული თბილისელები და ჩვენი თანამემამულეები აგრძელებენ ყვავილების და სანთლების მიტანას რუსეთის ინტერესების სექციასთან, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ამაზრზენი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა მწუხარების გასაზიარებლად. ჩვენ მადლობლები ვართ ყველასი, ვინც ამ ტრაგედიის მიმართ გამოხატა თანადგომა. 24 მარტს რუსეთში გამოცხადდა გლოვა დაღუპულთა გამო," - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად 137 ადამიანი დაიღუპა.