
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კიუტი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ რუს კოლეგებს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ტაჯიკეთის მოქალაქე გადასცეს.
მას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში თითქმის მუდმივად მოქმედებს გაძლიერებული რეჟიმი და რეიდები.
"ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იდენტიფიცირებულ იქნა ექსტრემისტული ორგანიზაციის ორგანიზატორი ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან, რომელიც რუს კოლეგებს გადავეცით. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით," - თქვა კიუტმა სოხუმში, რუსეთის "საელჩოს" წინ, სადაც მოსკოვში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლზე" შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს. ტერაქტს, სულ მცირე, 137 ადამიანი ემსხვერპლა,140-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ.ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 11 ადამიანი დააკავა. უწყების თქმით, მათგან 4 უშუალო მონაწილე იყო. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ტაჯიკია. რუსეთში ისინი დროებითი ან ვადაგასული ვიზებით იმყოფებოდნენ.