"ოცნების" საარჩევნო მანიპულაციები და ამომრჩევლის მოტყუების მცდელობა - ასე აფასებენ ოპოზიციაში "ოცნების" ახალ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%- იანი ბარიერი უქმდება.
ცვლილების მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის.
კერძოდ, ცნობილია რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და ქვეყანას მაჟორიტარები აღარ ეყოლება, "ოცნებას" კანონში მაჟორიტარის ნაცვლად შემოაქვს მცნება "დელეგატი".
კანონპროექტის თანახმად, პარტიას აქვს უფლება პარტიული სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი რომელიმე საარჩევნო ოლქის დელეგატად განსაზღვროს.