ვეტოს დაძლევის შემდეგ "ქართული ოცნება" საარჩევნო კოდექსში მორიგ ცვლილებებს აანონსებს. ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებზე აქამდე დაწესებულ 40%-იან ბარიერს აუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურის გარეშე საკრებულოებში ის კანდიდატები მოხვდებიან, რომლებიც სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ.
რას ემსახურება ეს ცვლილებები, ივანიშვილის პარტიისგან დღეს არგუმენტები საზოგადოებამ ვერ მოისმინა. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი "ქართული ოცნების" არჩევნებში წაგების შიშმა განაპირობა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, დღეს პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტით მმართველი გუნდი სხვა ცვლილებებისთვისაც ემზადება, რომელიც წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს შეეხება.