რუსეთში, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ 3 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, გამოძიების მოთხოვნით, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე 3 ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დაკავებულები ძმები დილოვარი და ამინჩონ ისლომოვები, ასევე მათი მამა ისროილი, არიან. ისინი ორი თვით დააპატიმრეს. სასამართლოს მასალების მიხედვით, ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში ტერორისტული აქტის ჩადენაში, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის პუნქტი "ბ" ფედერაცია). დილოვარსა და ამინჩონ ისლომოვებს ბრალი უკვე წაუყენეს, მამა ეჭვმიტანილი რჩება.

დილოვარი და მისი 33 წლის ძმა ამინჩონი, მათი თქმით, საგამოძიებო კომიტეტში საკუთარი ძალებით მივიდნენ. "ჩვენ თვითონ გამოვედით, როცა გავიგეთ, რომ ჩემი მანქანა ნახეს" - თქვა დილოვარ ისლომოვმა. ამინჩონ ისლომოვმა, როდესაც მოსამართლემ ჰკითხა, გაიგო თუ არა რაში ადანაშაულებენ, უპასუხა - "მე უდანაშაულო ვარ".

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად 137 ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი