
ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას უსასყიდლოდ გადაეცა. აჭარის მთავრობამ კი ტერიტორია, "ქართული ოცნების" შემწირველის კომპანიას, შპს "კომუნა ჰოლდინგს" მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
ბათუმის შესასვლელში, ე.წ. "ბარცხანის ხიდის" მიმდებარედ არსებულ 1 788 კვ.მეტრ ნაკვეთში კომპანიამ 1 326 912 უნდა გადაიხადოს. ტერიტორიაზე ასევე, ორსართულიანი კორპუსია.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს "კომუნა ჰოლდინგი" გია ბერიძეს ეკუთვნის, რომელიც "ქართული ოცნების" შემწირველია. ბიზნესმენს მმართველი პარტიისთვის 50 000 ლარი აქვს შეწირული. ბერიძე ასევე, რამდენიმე კომპანიაში დირექტორად ფიქსირდება. ბერიძის კომპანიებს ასევე, გამარტივებული შესყიდვების წესით რამდენიმე სახელმწიფო პროექტი აქვს განხორციელებული.
ამ ეტაპზე უცნობია რა ტიპის და რამდენ სართულიანი შენობა აშენდება მდინარე ბარცხანისა და ხიდის შუა ნაწილში. საკრებულოს განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომპანიას ადგილობრივებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.