
ორი მემორანდუმი ერთ ქვეყანასთან - ყოფილმა და მოქმედმა პრემიერმინისტრებმა სხვადასხვა დროს სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის გაფორმებაზე განაცხადეს.
ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარბაშვილმა 26 იანვარს თქვა, რომ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, ხოლო ახალმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კი 25 მარტს, სომხეთში ვიზიტის დროს თქვა, რომ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რამაც თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა.
დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ წერილობით მოითხოვა დოკუმენტის გასაჯაროება, თუმცა ამ დრომდე პარტნიორობის დეკლარაციის ტექსტის შინაარსი უცნობია.
"ორი ირაკლის პირობებში, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის, ჩვენ ვნახეთ ერთი და იმავე ქვეყანასთან, სომხეთთან, სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის გაფორმების ამბავი, რაც ძალიან საინტერესო, მით უფრო მაშინ, როცა წესით სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ერთხელ ფორმდება. ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში 26 იანვარს გაცხადდა ეს ამბავი, კობახიძემ ასევე როდესაც ერევანში იყო პრემიერ ფაშინიანთან შეხვედრისას გამოაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია გაფორმდა სომხეთთან. ძალიან უცნაურია ფაქტი, როდესაც ერთი და იგივე გუნდის პრემიერმინისტრი ირაკლი ერთი და ირაკლი მეორე აფორმებ სტრატეგიულ პარტნიორობას, როდესაც შინაარსს არ ასაჯაროებენ", - ამბობს დეპუტატი, თეონა აქუბარდია.