ვგეგმავთ ვიზიტებს 27 წევრი სახელმწიფოდან... დრო არ ითმენს, ჩვენ უკვე ვამზადებთ გაფართოების შესახებ მოხსენებას | EU-ს ელჩი

გამოქვეყნდა:

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან ეს წაადგება ევროკავშირს და წაადგება საქართველოს. ამისთვის საჭიროა რეფორმები, რომელთაგან ზოგიერთი არ არის მარტივი. ისინი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ყველას ერთად მუშაობას - აცხადებს ელჩი პაველ ჰერჩინსკი და კიდევ ერთხელ ახსენებს იმ 9 ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად აქვს შესასრულებელი.

 ელჩის განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება გაფართოების მოხსენება, საიდანაც გაირკვევა, გადავა თუ არა საქართველო მოლაპარაკებების ეტაპზე, თუ ისევ მოცდა მოუწევს.

დიპლომატი ხაზს უსვამს მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობას და აცხადებს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება საჭიროა:

"საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ყველამ ვიზეიმეთ ეს ისტორიული ნაბიჯი. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ის უნდა შეიცვალოს და ეს ცვლილებები უნდა იყოს გარდამქმნელი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან ეს წაადგება ევროკავშირს და წაადგება საქართველოს. ამისთვის საჭიროა რეფორმები, რომელთაგან ზოგიერთი არ არის მარტივი. ისინი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ყველას ერთად მუშაობას. იმისათვის, რომ წარმოგვედგინა საგზაო რუკა, ჩვენ შევიმუშავეთ ცხრა ნაბიჯი. ეს არის რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროკავშირის წევრობისკენ. არსებობს ბევრი პოზიტიური ელემენტი და მუშაობა გრძელდება. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ მონდომებას, მაგრამ ასევე არსებობს ღია საკითხები, რომელთა შესახებაც უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს, მათ შორის 27 წევრი სახელმწიფოდან, რათა მოხდეს დიალოგის ინტენსივობა, რადგან დრო არ ითმენს. ჩვენ ამჟამად უკვე ვამზადებთ გაფართოების შესახებ მოხსენებას, რომელიც გამოქვეყნდება მიმდინარე ოქტომბერს, ისევ ევროკომისიის რეკომენდაციებით იმის შესახებ, გადავა საქართველო შემდეგ ეტაპზე თუ მოცდა მოუწევს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკმარისი პროგრესი იქნება საიმისოდ, რომ ჩვენ ვთხოვოთ წევრ ქვეყნებს, საქართველო მომდევნო ეტაპზე გადაიყვანონ.

თუ თქვენ შეხედავთ 9 ნაბიჯს, იქ არის რამდენიმე სერიოზულ რეფორმაზე საუბარი, მათ შორის საკმაოდ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავსხდეთ და გულახდილად ვისაუბროთ. ნათელია, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს გაწევრიანება და საქართველოს პარლამენტში მყოფ ყველა პარტიასაც სურს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. ასე რომ, სადაც არსებობს სურვილი, იქ არსებობს გზაც. სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემა არის ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტი. სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა მართლმსაჯულების რეფორმას მიიჩნევს ერთ-ერთ პრიორიტეტად. ეს ასევე არის ერთ-ერთი ნაბიჯი ცხრიდან, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. თუ თქვენ ნახავთ პირველ მოხსენებას გაფართოების შესახებ, რომელიც საქართველოს ეხება, იქ წერის, რომ ჩვენ საჭიროს მიგვაჩნია მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება და ეს უნდა მოხდეს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება საქართველოს ამ მხრივ, რათა საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატია." ამბობს ჰერჩინსკი.

ელჩის თქმით, 9 ნაბიჯიდან მნიშვნელოვანია სამართლიანი საარჩევნო პროცესი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც მისივე შეფასებით ბოლომდე არ ხდება:

"საარჩევნო კომისია არის კიდევ ერთი თემა, რომლის შესახებაც უნდა გავაგრძელოთ საუბარი ევროკომისიასა და საქართველოს შორის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი არის გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ არის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯიდან. ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტების დამწესებელი და ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, რომ კონსულტაცია გაიაროს ვენეციის კომისიასთან ყველა თემაზე არჩევნებთან დაკავშირებით და ვენეციის კომისიაც ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს თავის რეკომენდაციებს.  კანონი, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა, შეიცავს ბევრ ნიშანს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი სხვა რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული." განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ კრიტიკისა და მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 19 მარტს დაძლია. მიღებული კანონის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის როლი - კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

ცვლილებების მიხედვით, კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს. 

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის ხმა. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი