არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა | გრიგორიადისის დედა პროცესის კიდევ ერთხელ გადადებაზე

გამოქვეყნდა:

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. ბრალდებულს სხდომაზე დისტანციურად სურდა ჩართვა. დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ მას სასამართლოსთვის მიმართვა უნდოდა და ამ ფორმით უფრო უმარტივდება საუბარი. მოსამართლემ თქვა, რომ წარმოდგენილი არ იყო მიზეზი, რის გამო სურდა ბრალდებულს დისტანციურად ჩართვა.

ეს პირველი შემთხვევა იქნებოდა, როცა გრიგორიადისი სასამართლოს სიტყვით მიმართავდა. ზვიად შარაძემ შემდეგი სხდომა 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩანიშნა. 

"ერთი წელია ისე მივეჩვიე ამ რაღაც უჩვეულო ცხოვრებას, სულ მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს, ანუ არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა. ლაზარეს ჰქონდა სურვილი ონლაინ ჩართულიყო, იმიტომ, რომ ვერ საუბრობს ხოლმე რაღაც რომ უნდა თქვას, გონება მეფანტება და ხალხი მაბნევსო, მოსამართლემ გვითხრა უარი. ალბათ რვაში გამოცხადდება ლაზარე, თავის სათქმელსაც იტყვის და გადაწყდება საბოლოოდ, დადგება განაჩენი", - თქვა თამთა კალანდაძემ. 

ცნობისთვის, დაცვის მხარე დიდი ხანია საუბრობს, რომ სასამართლო პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სხდომა გადაიდო. წინა პროცესი 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა მოსამართლის შვებულების გამო გადაიდო. 

ოჯახი ფიქრობს, რომ ამ გზით ლაზარეს დასჯა სურთ. დაცვის მხარეს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს. ადვოკატმა თქვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მეორე დღესვე მიმართავენ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი