სად არის ბიძინა ივანიშვილი? | "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე პროცესებს ისევ ჩრდილიდან მართავს

გამოქვეყნდა:

სად არის ბიძინა ივანიშვილი? - სამი თვის წინ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებული
ივანიშვილი პროცესებს და გუნდს ისევ ჩრდილიდან მართავს. ბოლო პერიოდის განმავლობაში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე სულ ორჯერ გამოჩნდა - პირველად 30 დეკემბერს, პარტიის ყრილობაზე, შემდეგ კი ახალი პრემიერის წარდგენაზე.

"მთავარი არხი" დილიდან მმართველი გუნდის წევრებთან ცდილობს გაარკვიოს, თუ იციან სად არის ივანიშვილი ან ბოლოს როდის ნახეს. თუმცა, ისინი კონკრეტულ პასუხებს თავს არიდებენ. როგორც ჩანს, საპატიო თავმჯდომარე პარტიის ოფისში არ დადის.

ირმა ზავრადაშვილი გვეუბნება, რომ ივანიშვილი იქ და იმ ინტენსივობით დადის, სადაც საჭიროდ თვლის. ის ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილი "ყველაზე საპატივცემულო თავმჯდომარეა."

"რატომ გაინტერესებთ?.. ჩვენი პარტიის საკითხებით როდის აქეთ დაინტერესდით. ბიძინა ივანიშვილი იმ ინტენსივობით დადის და იქ, სადაც საჭიროდ თვლის პარტიაც და თვითონ. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე როდის ვნახე ბატონი ბიძინა. პიროვნება სად დადის და როდის დადის, პირადად მე როდის ვნახე, საზოგადოებისთვის საინტერესო თემა არ არის. "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე კი არ არის, ყველაზე საპატივცემულო თავმჯდომარეა, თუ გაინტერესებთ," - ამბობს ზავრადაშვილი.

გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ პირადად მას ივანიშვილთან კონტაქტი არ ჰქონია. თუმცა, მისი თქმით, "როდესაც ამის საჭიროებაა," ის ჩართულია "შესაბამისი საკითხების გადაწყვეტაში."

"ეს ხდება ისე, როგორც ამას პარტიული საჭიროებები მოითხოვს. ოფისში მე პირადად ეხლა კაი ხანია მე თვითონ არ ვყოფილვარ. თუ საჭირო იქნება, ოფისშიც მოვა. თუ საჭირო იქნება, რაღაც სხვა ფორმითაც შეიძლება კომუნიკაცია. ასეთი კომუნიკაცია ყოველდღიურად არსებობს...ის, რომ საზოგადოების წინაშე ისე ხშირად არ ჩანს, არ ნიშნავს, რომ იგი ჩართული არ არის პროცესებში," - ამბობს კახიანი.

ალუდა ღუდუშაურიც გვეუბნება, რომ ბოლოს საჯარო აქტივობისას ნახა. ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი არც არსად წასულა და არც დაბრუნებულა. პარლამენტის წევრ თამარ კორძაიას თქმით, ის იყო ჩრდილოვანი მმართველი და ახლაც აგრძელებს ჩრდილოვან მართვას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი