სკანდალური აუდიოჩანაწერი და პროტესტი უნგრეთში | მოსახლეობა კორუფციაში დადანაშაულებული ორბანისა და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პრორუსი ვიქტორ ორბანისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ისინი მთავრობაში გაბატონებულ კორუფციას აპროტესტებენ. პროტესტის ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ვიქტორ ორბანის გარემოცვასთან დაახლოებულმა და ამჟამად მისმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შესაძლო კორუფციის მამხილებელი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ. ხალხი კი უკან დახევას არ აპირებს და მასშტაბური აქციისთვის ემზადება.

ხალხი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ერთ დროს ორბანთან დაახლოებულმა და ამჟამად მის ოპოზიციაში მყოფმა პოლიტიკოსმა ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და აუდიო ჩანაწერი გაავრცელა.

პეტერ მაგიარი მის მიერ გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერში ყოფილ მეუღლეს, იუდით ვარგას ესაუბრება. ისინი გახმაურებულ, ე.წ ვიოლნერ-შადლის კორუფციის საქმეზე ლაპარაკობენ. იუდით ვარგა პრემიერ ორბანის ადმინისტრაციის უფროსს ანტალ როგანს ახსენებს, რომელსაც მისი თქმით, წვდომა ჰქონდა ე.წ. ვიოლნერ-შადლის კორუფციული საქმის მასალებთან და გამოძიებას ურჩევდა რა მტკიცებულებები უნდა ამოეღოთ და რა უნდა დაეტოვებინათ.

ჩანაწერი 2023 წლის იანვრით თარიღდება. პეტერ მაგიარას თქმით ის თავის ყოფილ ცოლს ურჩევდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, თუმცა იუდით ვარგამ მას უთხრა, რომ ეს მაფიოზური მთავრობაა და მათგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ეს კონკრეტული ფრაზა, როგორც თავად მაგიარი ამბობს, ამ ჩანაწერში არ ისმის. საუბრის გასაჯაროების შემდეგ, ყოფილმა ცოლმა პოლიტიკოსი პეტერ მაგიარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, ჩანაწერს კი ფაბრიკაცია უწოდა.

იუდით ვარგა, უნგრეთის იუსტიციის მინისტრი იყო, მას თანამდებობიდან გადადგომა მაინც მოუწია რამდენიმე თვეში, თუმცა არა ამ ჩანაწერის გამო. მიზეზი ის სკანდალი იყო, რომელშიც პრეზიდენტი გაეხვა. კატალინ ნოვაკმა პედოფილიაში მსჯავრდებული შეიწყალა, რასაც დიდი უკმაყოფილება მოყვა უნგრეთში. 

რაც შეეხება ვიოლნერ-შადლის კორუფციულ საქმეს. დიორდ შადლი უნგრეთის აღმასრულებელი სასამართლო კოლეგიის ყოფილი თავმჯდომარეა. პალ ვიოლნერი კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. მათ წინააღმდეგ საქმე კორუფციის ბრალდებით აღიძრა. ამ კორუფციულ სქემასთან აკავშირებენ პრემიერ ორბანის ადმინისტრაციის უფროსის ანტალ როგანის სახელსაც. სწორედ ელიტური კორუფცია გახდა მიზეზი, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.

პეტერ მაგიარის მიერ გასაჯაროებული აუდიო ჩანაწერის შემდეგ კორუფციული დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. იუსტიციის ყოფილი მინისტრიც გამოკითხეს. რა უთხრა იუდით ვარგამ გამოძებას, დეტალები უცნობია. ორბანის მთავრობის წინააღმდეგ და გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქცია ბუდაპეშტში  6 აპრილს იგეგმება.
 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი