რა ბედი ელის შენობას, რომელიც უფუნქციო სწორედ მაშინ დარჩა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო? - პრემიერი ვერ ამბობს, რა ხედვა აქვს მთავრობას, 6 წლის განმავლობაში დაკეტილ პარლამენტის ყოფილ შენობაზე.
კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფნას მის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონია. მისი თქმით, "ქართული ოცნება" მმართველობის მე-12 წელს, საარჩევნოდ წარადგენს პროგრამას, სადაც ქუთაისს "ღირსეული ადგილი" ექნება.
"ყველა დამეთანხმებით, რომ ქუთაისში პარლამენტს ყოფნას არ ჰქონდა არავითარი გავლენა ქუთაისის განვითარებაზე...არც ეკონომიკური კუთხით.. ნუ, თუ ჩვენი ჩამოსვლით ეკონომიკა იცვლება ჩამოვალთ ახლაც, მაგრამ ქუთაისის ეკონომიკას და დემოგრაფიას აქ პარლამენტს ყოფნა არ წაადგა. ეს სტატისტიკითაც დასტურდება და ყველაფრით დასტურდება. ჩვენ მთავარი ამოცანაა, რომ ქუთაისმა შესძინოს ახალი ფუნქცია. ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა...ძალიან მალე წარვადგენთ საარჩევნო პროგრამას საზოგადოების წინაშე და, რა თქმა უნდა, ამ პროგრამაში ქუთაისს ექნება ღირსეული ადგილი" - ამბობს კობახიძე.
პარალელურად, უფუნქციოდ დარჩენილ ქუთაისს მოსახლეობა ტოვებს. საქსტატის მონაცემებით, ქუთაისის მოსახლეობა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ასეთი შემცირებული არასდროს ყოფილა.