"შემოწმდეს კინოცენტრი, გასაჯაროვდეს ბერლინალეს ხარჯები" | კინემატოგრაფისტები სახელმწიფო აუდიტს მიმართავენ

გამოქვეყნდა:

"ქართული კინო საფრთხეშია" - კინემატოგრაფისტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავენ, რომ შემოწმდეს კინოცენტრის საქმიანობა და გასაჯაროვდეს ბერლინალეზე გაწეული ხარჯები.

კულტურის სფეროს წარმომადგენლების თქმით, კინოცენტრი თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. მათ არაერთხელ მიმართეს უშუალოდ კინოცენტრს, რათა ხარჯთაღრიცხვა წარედგინა, თუმცა უშედეგოდ.

როგორც კინემატოგრაფისტები ამბობენ, კინოცენტრი სრულად იმართება კულტურის სამინისტროს მიერ და ის აღარაა დამოუკიდებელი ინსტიტუცია.

"ბოლო 10 თვის განმავლობაში კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები უფრო და უფრო მეტ კითხვას აჩენს კინემატოგრაფისტებსა და ფართო საზოგადოებაში. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ: როგორ არ პასუხობს ავტორთა ოფიციალურ წერილებს კინოცენტრი; როგორ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას; ჯერ როგორ ათავისუფლებს თანამშრომლებს მცირე ბიუჯეტისა და კადრების შემცირების მოტივით, მოგვიანებით კი მმართველი პარტიის პროპაგანდისტებს ასაქმებს იმავე ან ახლადშექმნილ პოზიციებზე; როგორ ვერ ნიშნავს დირექტორს. ამასთან, არა მხოლოდ კინოცენტრის ისტორიაში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით უპრეცედენტოდ დიდ დელეგაციას, 34 ადამიანს, სახელმწიფო ხარჯით გზავნის ბერლინის კინოფესტივალზე. ამისათვის კინოცენტრის თანამშრომლებად აფორმებს პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებში დასაქმებულებსა და არაკომპეტენტურ პირებს. კონკურსის შემფასებელი კომისიის წევრებად ნიშნავს არა სფეროს პრაქტიკოსებს, არამედ კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრის აუდიტისა და ფინანსური დეპარტამენტების თანამშრომლებს, რომლებსაც კინო-პროექტების პროფესიულად შეფასების კომპეტენცია არ გააჩნიათ. ეს კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ კინოცენტრი სრულად იმართება კულტურის სამინისტროს მიერ და ის აღარაა დამოუკიდებელი ინსტიტუცია.

ჩვენ ვხედავთ, როგორ გადაიქცა საქართველოს ერთადერთი კინოფონდი, საჯარო ფულის განმკარგავი ინსტიტუცია - კინოცენტრი - სახელმწიფო რესურსის მფლანგველ, ჩაკეტილ და ფუნქციამორღვეულ ორგანიზმად.

კინოცენტრის გაუმჭვირვალე, არადემოკრატიული პოლიტიკის გამო, მივმართავთ საქართველოს გენერალურ აუდიტს – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-17, მე-18, 24-ე მუხლების შესაბამისად, კინოცენტრის ე.წ. რეორგანიზაციიდან (2023 წლის 12 ივნისიდან) დღემდე შეამოწმოს კინოცენტრის საქმიანობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში და რა პრინციპით იხარჯება ქართული კინოს ისედაც ძალიან მცირე ბიუჯეტი, ხომ არ ხმარდება ის კონკრეტული პარტიული ელიტის პერსონალურ კეთილდღეობას, გართობასა და მოგზაურობას.

ქართული კინო ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია," - ნათქვამია კინემატოგრაფისტების მიმართვაში.

 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი