"მივმართავთ აშშ-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას - სანქციები, რომელიც აშშ-ის მხრიდან დაუწესდათ ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"მივმართავთ აშშ-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას, სანქციები - რომელიც აშშ-ის მხრიდან დაუწესდათ ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა და აღნიშნა, რომ ამ მოსამართლეების წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება არ არსებობს.

"საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს, დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ის მხრიდან დაუწესდათ ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ...

ამ დრომდე არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არათუ მის საფუძველზე. ასევე, მიგვაჩნია, ის, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქცირებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც "ენჯეო" სექტორის რიგი წარმომადგენლები, "ნაცმოძრაობა" და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ...

ჩვენ არათუ მტკიცებულება ვიხილეთ, არამედ საპირისპირო მტკიცებულების სახით მივიღეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება და ასევე იმ ცნობილ ფაქტთან ერთად, როცა ვიხილეთ ოთხი მოსამართლის, ამის შემდეგ პრაქტიკულად სანქცია დაედო ამასთან ერთად ლაშა ჩხიკვაძეს, რომელსაც სავიზო შეზღუდვა დაუწესეს და მას არ ეძლევა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, ამ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები. ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მის მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა იყო და დღეს ყველას, ვინც ამაში ირიბი მხარდაჭერაც კი დააფიქსირა, ბოდიში აქვს მოსახდელი.

მან თავად განაცხადა, რომ მისი შვილი გარკვეულ სამედიცინო დახმარებასაც კი საჭიროებს ამ ბულინგის გამო. ამ ყველაფერს ახალისებს ყველაფერი უსაფუძვლო, მათ შორის უსაფუძვლო სანქცირება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისგან, როგორიც არის აშშ, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. თუ რაიმე შეიძლება, აღვივებდეს ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსამართლო დასანქცირება. კატეგორიულები ვართ ამ მოთხოვნაში, რომ ამ ადამიანებს მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენ მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირება," - ამბობს მდინარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი