საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, Daily Mail-ის სტატია ბერა და ბიძინა ივანიშვილებზე "შეკვეთილია". სტატიაში საუბარია, რომ ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში მამის ქონების სანქციებისგან დასაცავად პირობებს ქმნის.
მდინარაძე ამბობს, რომ აღნიშნული სისულელეა.
"ამის მიხედვით დასკვნების გამოტანა არის უკიდურესი სისულელე და არის შეკვეთილი სტატია ცალსახად, მერე თქვენ რომ აქ კითხვები დაგესვათ იგივე სახის სისულელეზე, დაანებეთ ამ კაცს თავი. ბატონი ბიძინა არის კაცი, რომელიც ვერ მოინელეთ ვერასდროს და ეხლა გადახვედით შვილზე და შეკვეთილ სტატიებს... სისულელეებია, დასანქცირებულია მეტი რა უნდა დაასანქცირონ კაცო, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია, სანქცია თქვენ მე მგონი უნდა ესროლონ ადამიანს თოფი ეგ გგონიათ", - თქვა მდინარაძემ.
"ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძეც იმეორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად დასანქცირებულია - "უამრავი რაღაც იწერება გაზეთებში, ტელევიზიაში, აბსურდია რა".
რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტებს სჯერათ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ცდილობს უსაფრთხოების განცდის შექმნას მისი ოჯახის წევრებისთვის, ასევე კაპიტალისთვის.
იხილეთ: