
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ჩინეთის მხრიდან რუსეთის ფედერაციის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზის მხარდაჭერისგან თავის შეკავების აუცილებლობა განიხილეს. ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"მან [ჯო ბაიდენმა] გამოხატა შეშფოთება ჩინეთის მხარდაჭერის გამო რუსეთის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზის მიმართ და მისი გავლენა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე," - აღნიშნა კირბიმ.
კირბის განცხადებით, საუბარი იყო გულწრფელი და კონსტრუქციული და დაახლოებით 45 წუთი გაგრძელდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ასევე განსხვავებები. კირბის თქმითვე, ეს ეხებოდა ვაჭრობის საკითხებს, ნარკოტიკებთან ბრძოლას, მუდმივი სამხედრო კომუნიკაციის შენარჩუნებას, ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებს, სიტუაციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ასევე რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.
თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენი და სინ ძინპინი შეთანხმდნენ გააგრძელონ კომუნიკაცია ნებისმიერ დროს, როცა საჭირო იქნება.
ცნობისთვის, ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი 2022 წლის ივლისის შემდეგ არ გამართულა.