მთავრობისგან დაიგნორებული 796 სადეპუტატო კითხვიდან 99% ოპოზიციაზე მოდიოდა | TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"ცნობით, 2023 წელს პარლამენტის 47 წევრმა სულ 2 997 წერილობითი კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ უწყებებს, აქედან 77 - უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო 2 920 ოპოზიციის კითხვა იყო. ორგანიზაცია ამბობს, რომ 796 კითხვა უპასუხოდ დარჩა.

პასუხგაუცემელი კითხვებიდან 791-ის ავტორი ოპოზიცია იყო (რაც ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების 27%-ს წარმოადგენს), ხოლო უმრავლესობის მიერ დასმულ 5 კითხვას არ გაეცა პასუხი (რაც უმრავლესობის მიერ დასმული კითხვების 6%-ს წარმოადგენს).

2023 წელს სადეპუტატო კითხვების თემატიკა შეეხებოდა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის: 

  • რეგიონებში წყალმომარაგება
  • განათლებისა და კულტურის თემატიკა
  • მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ჩატარებული სხდომების რაოდენობა
  • მუნიციპალიტეტებში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხოციელებული აქტივობები
  • მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგები და სემინარების რაოდენობა. 

სადეპუტატო კითხვების თემატიკა ძირითადად სხვადასხვა საკითხებზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას ეხებოდა. ორგანიზაცია ამბობს, რომ ერთი და იგივე შინაარსის კითხვა სხვადასხვა სტრუქტურაში იყო გაგზავნილი, რამაც კითხვების სიმრავლე განაპირობა. 

"საერთოშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, სადეპუტატო კითხვების შესწავლისას შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა: 

  • მთავრობის წევრთა მიერ ასეულობით შემთხვევაში ჰქონდა ადგილი სადეპუტატო კითხვების იგნორირებას, განსაკუთრებით თუ კითხვა ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იყო დასმული. 2023 წელს ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ დასმულ 791 კითხვას (27%-ს) არ გაეცა პასუხი. პასუხგაუცემელი კითხვებისა და დაგვიანებული პასუხების პრობლემაზე ყურადღებაა გამახვილებული საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პერიოდულ ანგრიშებშიც;
  • 2023 წელს სადეპუტატო კითხვების თემატიკა ძირითადად სხვადასხვა საკითხებზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას ეხებოდა. მსგავსი ინფორმაციის მიღება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც შესაძლებელია. საპარლამენტო კონტროლის საკონსტიტუციო მექანიზმი, როგორც წესი, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს უნდა ეხებოდეს და პასუხად მეტი ინფორმაცია იყოს მოთხოვნილი, ვიდრე სტატისტიკური მონაცემები; 
  • იმ შემთხვევაში თუ მინისტრი ან ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი არ პასუხობს სადეპუტატო კითხვებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მექანიზმი უნდა იყოს ეფექტური. მთავრობის მიერ სადეპუტატო კითხვების იგნორირება პლენარულ სხდომაზე მსჯელობის თემად და რიგ შემთხვევებში მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლადაც შეიძლება იქცეს. სადეპუტატო კითხვებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვას შეისწავლის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. კომიტეტი პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრები ხშირად ტოვებენ უპასუხოდ სადეპუტატო კითხვებს, ამ პრობლემის გამო არავის პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დამდგარა. 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციის ცნობით, მნიშვნელოვანია: 

  • დეპუტატები და მთავრობის წევრები მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდენენ საპარლამენტო კონტროლის საკონსტიტუციო მექანიზმს;
  •  პარლამენტის წევრების მიერ სადეპუტატო კითხვები რეალური ზედამხედველობის განსახორციელებლად გამოიყენებოდეს; 
  • მინისტრები შერჩევით მიდგომას არ იყენებდნენ და პასუხობდნენ დასმულ კითხვებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს კითხვის ავტორი; 
  • პასუხგაუცემელი კითხვები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მსჯელობის საგანი ხდებოდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი