საქართველოს მმართველი პარტია აბრუნებს სადაო რუსული სტილის "უცხოური აგენტების" კანონს | POLITICO

გამოქვეყნდა:

გამოცემა POLITICO "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახლა ინიცირების ინიციატივას ეხმაურება და წერს, რომ მთავრობა აცოცხლებს საკამათო განაცხადს, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ მედიასაშუალებებს და იმ ჯგუფების წევრებს, რომლებიც საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, უცხოური გავლენის აგენტებად ასახელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხდება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, რაც მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე ამ წინადადებაზე მმართველმა გუნდმა უარი თქვა. "პოლიტიკო" წერს, რომ 2023 წლის მარტში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ორი დღის განმავლობაში აღნიშნული კანონის წინააღმდეგ, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და სპეცრაზმი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად. 

გამოცემა იხსენებს, Human Rights Watch-ის ანალიზს, რომელიც ამბობდა, რომ როდესაც კანონი პირველად იყო შემოთავაზებული, ის ითვალისწინებდა დარღვევებზე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას - ცნობისთვის, 2023 წლის 22 თებერვალს პარლამენტის წევრებმა კანონპროექტის კიდევ ერთი, ალტერნატიული ვერსია დაარეგისტრირეს, რომლითაც ფართოვდებოდა "უცხოური გავლენის აგენტების" წრე მასში ფიზიკური პირების შეყვანა ხდებოდა შესაძლებელი.

"რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოს ვერსია ამ კანონზე "შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან" და "ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია სტატიაში.

POLITICO ესაუბრა ეკა გიგაურს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორს, რომელიც თავადაც შესაძლოა "აგენტად" დასახელდეს. 

„ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი თავის სტიგმატიზაციას და ამ ნიშნის დარეგისტრირებას "ჩვენ ჯაშუშები ვართ", რადგან ჩვენ თავს პატრიოტებად მივიჩნევთ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს", - განუცხადა მან POLITICO-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი