
ოცნებამ და პირადად ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო, 1 წლის წინათ ჩავარდნილი ოპერაცია რუსული კანონის შესახებ თავიდან გააცოცხლა. დავალება მიიღო კრემლიდან, რათა უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი- ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებაზე - ასე აფასებს "ლელო საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ოცნების" გადაწყვეტილებას, რუსული კანონის შემობრუნებაზე.
ხაზარაძე ივანიშვილს მიმართავს, გამოვიდეს და თავად თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია:
"მე მინდა მივმართო ივანიშვილს, გამოვიდეს როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია. ივანიშვილი, რომელიც არის ერთ ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების, ლაპარაკობ ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე. ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება...
ეს კანონი ქართულ ოცნებას სჭირდება, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა. მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა, არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე ჩემგან, ჩემი მეგობრებისგან. ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნი, ეს შენი ტრიუკები მოძველებული და ჭაობისკენ მიმავალია. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს, შენ დაცალე ეს ქვეყანა, გააჩერე და უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე ქვეყანა" განაცხადა ხაზარაძემ.
"ლელოს" ლიდერის თქმით, "ოცნებისგან" კიდევ ბევრი "სიურპრიზია" მოსალოდნელი, თუმცა - "რუსული კანონი არ გავა, ისევე როგორც ვერ დარჩება ქართული ოცნება ხელისუფლებაში"