რუსი ოლიგარქი რუსულ კანონს აბრუნებს. უკვე მერამდენედ, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", ატყუებენ საზოგადოებას და დგამენ რადიკალურ ნაბიჯს კრემლის ორბიტაზე დასაბრუნებლად. ერთი წლის წინანდელი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველ პარტიას პარლამენტში ისევ შეაქვს რუსული კანონი და მის მიღებას გეგმავს. ამ კანონით ხელისუფლება უმძიმეს კონტროლს დაუწესებს სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს და ყველაზე ეფექტურად შეძლებს მათი საქმიანობის, და შესაბამისად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ქვეყანაში.
არადა შარშანდელი აქციების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" კანონი უკან გაიხმო და პირობაც კი დადო, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. თუმცა პარტია, რომელმაც უკვე არაერთი აშკარა პოლიტიკური ტყუილი იკადრა, მაგალითად მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ახლაც მოატყუა საზოგადოება და დაპირების მიუხედავად რუსულ კანონს აბრუნებს. ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს მომენტალური და მწვავე რეაგირება ჰქონდა ოლიგარქის პოლიტიკური კლანის გადაწყვეტილებაზე. პრო-ევროპული ძალები საქართველოში არ აპირებენ დათმობას და ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას.