პირველ რიგში სამოქალაქო ორგანიზაციები და მედია, რომლებიც რუსული კანონის მთავარი სამიზნე არიან, იწყებენ აქტიურ ბრძოლას "ქართული ოცნების" ინიციატივის წინააღმდეგ. ისევე, როგორც შარშან, რუსული კანონის პირველი ინიცირებისას, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები გამოხატვის თავისუფლების და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის წინა ხაზზე დგებიან. მძიმე რეაქცია აქვთ პოლიტიკოსებსაც - პირველ რიგში ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც საზოგადოებას საარჩევნო მობილიზაციისკენ და ერთი დროშის ქვეშ ბრძოლისკენ მოუწოდა. ოპოზიციური სპექტრი კი მთლიანად ერთიანდება რუსული კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ საბრძოლველად. პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ეს არის "ქართული ოცნების" კიდევ ერთი ნაბიჯი რეფორმების და შესაბამისად ევროინტეგრაციის ჩაგდების გზაზე.