"ვხედავ ძალიან ძლიერ მცდელობას "ოცნებისგან", მოემზადონ არჩევნებისთვის და გააჩუმონ კრიტიკული ხმები", - ამის შესახებ "მთავარ არხთან" ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საუბრობს და მმართველი პარტიის მიერ "რუსული კანონის" ხელახალ ინიცირებას ეხმაურება.
არსებობს გამოთქმა, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. როგორც ჩანს, შარშანდელი მძაფრი პროტესტის შემდეგ პოლიტიკოსები "ქართული ოცნებიდან" ვერ მიხვდნენ რა მოხდა და გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ შეეტანათ კანონი. მე მაქვს რამდენიმე ახსნა. პირველ რიგში, წელს არჩევნებია და არასამთავრობოები ძალიან აქტიურები იქნებიან და "ქართული ოცნება" მათ გაჩუმებას ცდილობს. ასე რომ, მე ამას ვუყურებ, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ ეს სრულებით ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. უკაცრავად, მაგრამ მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება საქართველოს ეს კანონი ჰქონდეს და ამავე დროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში იყოს. ცოტა ხნის წინ ყირგიზეთმა დაამტკიცა ეს კანონი. ამიტომ, მე ერთი შეკითხვა მაქვს ქართველებთან: თქვენ გინდათ, რომ საქართველო ყირგიზეთს დაემსგავსოს, რომელიც ევრაზიული ქვეყანაა და საერთოდ არა აქვს ევროპული მისწრაფებები
მე ვხედავ ძალიან ძლიერ მცდელობას "ქართული ოცნებისგან", რომ მოემზადონ არჩევნებისთვის და გააჩუმონ კრიტიკული ხმები, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურად არსებობს საქართველოში. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური რევანში ან მცდელობა, რომ დამოუკიდებელ არასამთავრობოებს და მედიას ზიანი მიაყენონ. ასეა თუ ისე, ეს საქართველოსთვის კარგი არ არის და პოლიტიკურ გარემოს ვერ გააუმჯობესებს. ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური პოლარიზაცია ასეთი ძლიერია, ამ კანონის ინიცირება არის ნავთის დასხმა ცეცხლზე. მხარს ვუჭერ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ძალიან აქტიური და გამოცდილია; და მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ, - ამბობს აუსტრევიჩუსი.