
"სტუდენტები კვლავ იქ ვიდგებით, სადაც საფრთხე დაემუქრება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს", - ამის შესახებ ჯიპას სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. სტუდენტები "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახალ ინიცირებას ეხმაურებიან.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტები, რომლებიც მუდმივად ვართ დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერები, გამოვხატავთ მკვეთრ შეშფოთებას მმართველი პარტია "ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში გაცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.
ე.წ. აგენტების, ჰომოფობიური და გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტები, რომლებსაც ,,ქართული ოცნება” დაჩქარებული წესით იღებს, არ ემსახურება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და მეტიც, გვაფერხებს ევროინტეგრაციის გზაზე. აღნიშნული ინიციატივები ატარებენ რუსულ ელფერს და საფრთხეს უქმნიან დემოკრატიული, სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების იდეას.
მმართველი პარტიის წინა მცდელობა პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებმა შეაფასეს როგორც შავი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის და ჩვენც, საქართველოს მოქალაქეებმა გამოვხატეთ პროტესტი, რომელიც ძალადობრივად იქნა დარბეული. სამწუხაროა რომ მმართველი პარტია კვლავ ცდილობს წავიდეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებლად უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს, ვიდრე დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.
სტუდენტები კვლავ იქ ვიდგებით, სადაც საფრთხე დაემუქრება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, დემოკრატიას, სამართლიანობას და თანასწორობას, - წერია განცხადებაში.