
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ "გირჩის" დეპუტატს სანდრო რაქვიაშვილს შეკითხვით მიმართა, ეთანხმება თუ არა თანაგუნდელის, ვახო მეგრელიშვილის გამონათქვამებს.
დეკანოიძის თქმით, მეგრელიშვილმა გუშინ პარლამენტში ბექა ოდიშარიაზე არანაკლები შეურაცხყოფა მიაყენა ქალებს:
"ეთანხმებით თუ არა თქვენი კოლეგის, ბატონი მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს შედეგს - ჩემი სიამოვნებისთვის, ჰარემს ვერ გავაკეთებ. ანუ, ეთანხმებით თუ არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში, ქალი კოლეგები შეიძლება რამენაირად ჰარემს დაუკავშირო, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით...
თქვენ ახლა უნდა გამცეთ პასუხი, რომ კი შეიძლება, ან არა, არ შეიძლება. თურმე საპირისპირო სქესის კოლეგების ვიზუალური სექსუალური აღქმა უნდა იყოს. მაგალითად, "მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს" - ეს მისაღებია თუ არა ქალი კოლეგების მიმართ?! " მიმართა დეკანოიძემ რაქვიაშვილს, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმების ერთ-ერთი ინიციატორია.