ძალიან გაწბილებული ვარ... ქვეყანამ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა ევროკავშირისკენ და ახლა ორ ნაბიჯს დგამს უკან - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა რუსული კანონის შემობრუნების გადაწყვეტილებას.
"მთავარ არხთან" საუბარში გრეგოროვა ამბობს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და კანონმდებლობას და შედეგი იქნება იმ დიდი სამუშაოს საბოტაჟი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის შესრულდა
"მე არ ვიცი, რა იყო კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების მოტივაცია ან ვინ ვის რას დაპირდა, მაგრამ მე ვიცი, რომ ამის შედეგი იქნება იმ დიდი სამუშაოს საბოტაჟი, რომელიც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის შესრულდა. იმიტომ რომ ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს ევროპულ ფასეულობებთან და კანონმდებლობასთან დაახლოებას, ეს კანონპროექტი კი ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებსა და კანონმდებლობას.
მე ძალიან შეშფოთებული ვარ. დასავლეთიდან დიდი კრიტიკა მაშინაც იყო, როდესაც პროექტი გასულ წელს პირველად დარეგისტრირდა პარლამენტში, შემდეგ კი ამას მოჰყვა ძლიერი პროტესტი ქართული საზოგადოებისგან. მიუხედავად ამისა, ის ისევ დააბრუნეს პარლამენტში ძალიან გაწბილებული ვარ.
თუ ეს კანონი ამ სახით იქნება მიღებული, ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობოები ქვეყანაში ზეწოლის ქვეშ მოექცევიან. ეს კი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და კანონმდებლობას, რომელიც იცავს სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველოში კი სამოქალაქო საზოგადოება ისედაც არის პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ და ეს ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ამ ქვეყანამ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა და ახლა ორ ნაბიჯს დგამს უკან. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდოდა" - აცხადებას მარკეტა გრეგოროვა
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ, 3 აპრილს განაცხადა.