ბექა ოდიშარიას ბოდიშის მოსახდელად დღეს გამბედაობა არ ეყო. "ქართული ოცნების" დეპუტატმა არც კი სცადა სინანული გამოევლინა საკუთარი უხამსობის გამო. უფრო მეტიც, ისევ თავდასხმა აირჩია და სხდომათა დარბაზში კვლავ ლანძღვა განაგრძო. ქალი დეპუტატების გარდა, დღეს მისი სამიზნე "მთავარი არხის" ჟურნალისტიც აღმოჩნდა, რომელმაც გადაიღო ოდიშარიას გუშინდელი გინება და საზოგადოებას დეპუტატის რეალური სახე აჩვენა. "ქართული ოცნების" საპარლამენტო ლიდერებმა კოლეგას მხარი დაუჭირეს - არც საჯარო ბოდიშის მოხდა, არც პასუხისმგებლობის დაკისრება და არც ეთიკის კომისიის განხილვა - ოდიშარიას უხამსობაზე საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად არავინ იმსჯელებს. თუმცა მისი საქციელი უყურადღებო არ დარჩენილა იმ პოლიტიკურ წრეებში, სადაც ქალებს მეტად აფასებენ.