მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთის მავნე ზეგავლენას, საქართველო აკეთებს პირიქით, "ოცნება" და ევროპული განვითარების გზა არათავსებადია | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

პროევროპულმა პოლიტიკურმა პარტიებმა "ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახლა ინიცირებაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.  "ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება",
"დროა", "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "სტრატეგია აღმაშენებელი" - იმ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც საქართველოს რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ემუქრება. 

"ახალის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთის მავნე ზეგავლენას, საქართველო კი პირიქით იქცევა. მისი თქმით, აკეთებს პირიქით, "ოცნება" და ევროპული განვითარების გზა არათავსებადია.

"ქართული ოცნება და საქართველოს ევროპული განვითარების გზა არის არათავსებადი და ქართული ოცნება ამას არა უკვე შეცდომებით, არამედ აბსოლუტურად შეგნებულად, ყოველდღიურად გვიმტკიცებს, მისი ღია პოზიციაა, რომ ევროპა დემოკრატია არის მისთვის მიუღებელი და გასაგებია ეს, იმიტომ, რომ ქართული ოცნება, ხელისუფლებაში საკუთარი თავის შენარჩუნების ერთადერთ ფორმად და შესაძლებლობად მიიჩნევს ხელისუფლების უზურპაციას. ამ ძალას ურჩევნია ქვეყანა გადაჩეხოს რუსეთის ჭაობში, ვიდრე წავიდეს ხელისუფლებიდან და საქართველოს ჰქონდეს უკეთესი მომავალი, გარანტირებული უსაფრთხოება, მშვიდობა და წარმატებული ახალგაზრდობა. გლობალური გამოწვევა არის რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლა, ეს არის გლობალური გამოწვევა და მთელი მსოფლიო ებრძვის ამას, საქართველო აკეთებს პირიქით, მისთვის მისაღებია რუსეთის ჩემოდნებით შემოტანილი ფული, რომელიც ვერ კონტროლდება და ვერც გაკონტროლდება, სანამ ასეთი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ დასავლური გრანტები, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის განვითარებას, ყველა მიმართულებით განვითარებას სხვათა შორის და არა მხოლოდ დემოკრატიის, ეს მათთვის არის მიუღებელი", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ეს კანონი კლავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის პერსპექტივას. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს რაიმე კეთილდღეობა არ ექნება მისგან. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ რუსულ კანონს არაფერი საერთო არ აქვს რეალურ გამჭვირვალობასთან და მისი მიზანი თავისუფალი სიტყვით ჩახშობაა.

"ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ რუსული ხელისუფლება, რომ საქართველო და მისი ევროპული გზა გადარჩეს.

"დროას" წევრი, გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ კანონი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და ის რუსული მმართველობის წესს ამკვიდრებს.

მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი