ევროპის 12 პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტები "ოცნებას" მოუწოდებენ, უარი თქვან "რუსული კანონის" განხილვაზე

გამოქვეყნდა:

ევროპის 12 სახელმწიფოს პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, უარი თქვას ხელახლა ინიცირებულ "რუსულ კანონზე."

ერთობლივ განცხადებას ხელს ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიეტუვის, ლატვიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები აწერენ. მასში ხაზგასმულია, რომ უცხო ძალების გავლენის შესახებ კანონის ხელახლა დაბრუნება სერიოზულად აკნინებს საქართველოს დიდი ძალისხმევით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს.

მათი განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია თავისუფლებისთვის გარემოს უზრუნველყოფა და შენარჩუნება დემოკრატიის გულს წარმოადგენს და საკვანძოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. მათივე შეფასებით, ეს არის მტრული ნაბიჯს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლისადმი.

"გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის თაობაზე, რომელიც შექმნილია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციისა და შესუსტების მიზნით, მაშინ როცა ის ფართოდ არის ცნობილი, როგორც საქართველოს უდიდესი აქტივი და იმედი და აქვს რეპუტაცია, როგორც ყველაზე გამჭვირვალეს მსოფლიოში ბიუჯეტისა და დაფინანსების თვალსაზრისით;

ვითვალისწინებთ, რომ ამ კანონის ხელახალი შემოღება ძირს უთხრის საქართველოს მიერ მძიმე შრომით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის; აღვიქვამთ ამას, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის წინააღმდეგ და გამოვხატავთ  სერიოზულ შეშფოთებას ამის გამო;

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ იგი განახორციელებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე და რომ ამ დრომდე საქართველომ ამ რეკომენდაციებიდან მხოლოდ 3 შეასრულა;

შეგახსენებთ, რომ ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და რომ ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ებრძოლოს დეზინფორმაციას , რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ; მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი.

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის სიმწიფესა და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის და დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით იხელმძღვანელებს. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს", - წერია განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროპული კომისიის მიერ გაწერილ 12 ნაბიჯს შეასრულებს, რათა შეძლოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა.

ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას" შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი