კანონის, რომელიც ქვეყანას ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის საერთოდ გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს, მთავარი დამცველები და ინიციატორები ის დეპუტატები არიან, ვინც პოლიტიკაში მოსვლამდე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მუშაობდნენ და ხელფასს იღებდნენ. ახლა კი რუსული კანონით ამ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის" აგენტების სტატუსი გარდაუვალად მიენიჭებათ.
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძით რომ დავიწყოთ, პოლიტიკაში მოსვლამდე კობახიძე ჯერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროექტის კოორდინატორი იყო, შემდეგ კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერად მუშაობდა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 17 წელი იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომელი, მუშაობის ბოლო წლებში ხელმძღვანელიც კი.
ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ , ოცნების ამ დეპუტატების სია გრძელი და შთამბეჭდავია - ამ სიაშია: გივი მიქანაძე, ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, ეკა სეფაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ზარქუა და სხვები.
გივი მიქანაძე - 2000 – 2001: გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი; 2004 – 2005: ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“, ნაციონალური ექსპერტი. 2005 წელი ეუთოს პროექტის დირექტორი; 2015 – 2016: ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი.
მაია ბითაძე - 2001 – 2003: „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“(World Bank), იურისტ-ექსპერტი; 2006 – 2011: ეუთოს პროექტი საქართველოში – „ორჰუსის ცენტრი“, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში; 2015 – 2021: გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.
ბექა დავითულიანი - 2010 – 2012: შპს „მედიაჰაუსი დეკომი“ იურისტ-კონსულტანტი (მედიაჰაუსი დეკომი აერთიანებდა ჟურნალებს „ცხელი შოკოლადი“, „ლიბერალი“ და რადიოს „ცხელი შოკოლადი“); 2010 – 2013: ჟურნალი „ლიბერალი“.
ირაკლი ბერაია- 1999 – 2001:საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი; 2001 – 2001:წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორიისო ფედერაცია, საქართველოს დელეგაცია, რეგიონული კოორდინატორი.
ანრი ოხანაშვილი- 2010 წელი მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში; 2015 – 2017: „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი.
სოზარ სუბარი - 1996 – 2004: რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი („რადიო თავისუფლება“ აშშ-ის მთავრობის მიერაა დაფუძნებული); 2003-2004: არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტ „კანონის უზენაესობის“ დირექტორი. (ორგანიზაცია დასავლელი დონორებისგან ფინანსდებოდა); 2004 წელს სოროსის ფონდისგან მიღებული აქვს 2220 ლარი გაზეთი სპექტრის პროექტ „ჟურნალისტური გამოძიების“ ფარგლებში ტრენერობისათვის. 2010 – 2015: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი - მუშაობდა მსოფლიო ბანკისა და აშშ-ის მთავრობის დაფინანსებულ პროექტებში - ჯამში 4 წელი.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე - გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიატი - ჯამში 3 წელი.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი - მოწვეული ექსპერტი გაეროსა და „იუესეიდის“ პროგრამებში - ჯამში 2 წელი.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე