რატომ დააბრუნა ოცნებამ რუსული კანონი დღის წესრიგში. სტრატეგიული პარტნიორებსა და ხელისუფლების ოპონენტებსაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვთ - ივანიშვილის გუნდმა ამით გადაფარა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხები. ოცნებისა და მოსამართლეთა კლანისთვის კატეგორიულად მიუღებელია მოსამართლეებისთვის კეთილსინდისიერების ტექსტის გავლა, რომლის შესრულების გარეშეც ქვეყანას ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე ვერ გაეხსნება. არადა მათი ქონების წარმომავლობაზე თუ სისტემაში ნეპოტიზმზე არაერთი კითხვა არსებობს. გამჭვირვალობა საქართველოს კვლევით ირკვევა, რომ სასამართლო სისტემაში თანამდებობები მოსამართლეების ნათესავებზეა - სიძეებზე, დედმამიშვილებზე, დისშვილებზე,ძმისშვილებსა თუ ნათელ-მირონებზეა გადანაწილებული. სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევა კი აჩვენებს, რომ მოსამართლეებისთვის შრომის ანაზღაურების მანკიერი პრაქტიკა მოქმედებს, რადგან დანამატები მოსამართლეებზე ავტომატურად და დამსახურების გარეშე გაიცემა.