79 000 ლარის ფერწერული ტილოები, სახლები, მიწები, მანქანები... | მილიონერმა ოდიშარიამ ტელეფონის აქსესუარები ბიუჯეტის ფულით იყიდა

გამოქვეყნდა:

სიძულვილის ენა ოპოზიციონერი  დეპუტატი ქალების მიმართ და ტენდენციად ქცეული თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე. ეს საპარლამენტო კვირა ოცნების მხრიდან ოპონენტებზე შეტევითა და შეურაცხმყოფელი სიტყვების კასკადითაც გამოირჩეოდა. ამ ყველაფრის მედროშეობა თავის თავზე ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ აიღო. დეპუტატ ქალებზე ბექა ოდიშარიას თავდასხმას პასუხი ოცნებისგან არ მოჰყოლია, თუმცა პასუხი მოჰყვა  სტრატეგიული პარტნიორებიდან. ლატვიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ მათ დიპლომატიურ უწყებას უკვე მიმართა, რომ ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის თანამდებობა ჩამოერთვას. 

ბექა ოდიშარია ორგზის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია ქართული ოცნებიდან. ის მილიონერი კანონმდებლების რიცხვშია. სხდომაზე ის წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მის შესაძლო კორუფციაზე მიანიშნა. 

დეპუტატის ქონებრივი დოკუმენტი 18 გვერდიანია და მისი დიდი ნაწილი უძრავ ქონებებს და კუთვნილი კომპანიებს აღწერს, თუმცა ოდიშარია არ პასუხობს  ჩვენს მიერ დასმულ არცერთ კითხვას - როგორ მოახერხა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კიდე უფრო მეტად გამდიდრება.

ოდიაშარია მე-10 მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია. მის საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება, მათ შორის – მიწის ნაკვეთები, სამი ავტომობილი და ძვირადღირებული ფერწერული ტილოები.

თბილისის თავზე,ისტორიულ ადგილას  საცხოვრებელ კორპუსში ბექა ოდიშარია რამდენიმე ბინის მესაკუთრეა. კორპუსს აქვს საცურაო აუზიც, საიდანაც ხედები მთელს თბილისზე იშლება, ეზოში დიდი ადგილი კალათბურთის მოედანსა და სავარჯიშო სივრცეს უკავია. გამწვანებული სივრცე რკინის გალავნით არის შემოსაზღვრული და კარს დიდი ბოქლომი ადევს. ეს საცხოვრებელი სახლი ოდიშარიას დეკლარაციაში არ წერია, დეპუტატის 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, მის ოჯახს თბილისში საცხოვრებელი არ აქვს.

ოდიშრიას საკუთრებაშია ბათუმში, ადლიას დასახლებაში მდებარე 45კვ.მ მიწის ნაკვეთი ზღვასთან ახლოს. რა თანხა გადაიხადა მიწის შესაძენად უცნობია, დეპუტატმა ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა. 

ბექა ოდიშარიას საკუთრებაში იყო  საკურორტო რეგიონში მდებარე საცხოვრებელი სახლიც. დაბა ბაკურიანში ოდიშარიას ოჯახმა საცხოვრებელი 2016 წელს შეიძინა, თუმცა რა თანხა გადაიხადა ოცნების დეპუტატმა 600 კვ.მ მიწის ფართობსა და  რამდენიმესართულიან სახლში უცნობია. დოკუმენტის მიხედვით ოდიშარიებმა ეს სახლი და მიწის ნაკვეთი რამდენიმე წლის წინ 100- ათას დოლარად გაყიდეს,თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული, რაში გამოიყენა დეპუტატმა უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი. 

2020 წელს ოდიშარია იმ დეპუტატებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დააჯარიმეს.

ბექა ოდიშარიამ ფერწერული ტილოების შეგროვება 1998 წლიდან დაიწყო. დეპუტატის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის საკუთრებაშია  50-მდე ფერწერული ტილო, რომელთა ჯამური ღირებულება 79 000 ლარზე მეტია. 

დეპუტატის ოჯახის საკუთრებაა რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილიც, რომელიც ოდიშარიებმა რამდენიმე წლის წინ შეიძინეს. 

მმართველი პარტიის მილიონერმა დეპუტატმა, ბიუჯეტის ფულით  შეიძინა კუთვნილი მობილური ტელეფონის 701 ლარის აქსესუარები:

  • ტელეფონის ბლუთუზი - 139 ₾
  • ტელეფონის დამცავი ფირი - 179 ₾
  • ტელეფონის ქეისი - 169 ₾
  • ტელეფონის დამტენი 2მ - 109 ₾
  • ტელეფონის კამერის დამცავი - 100 ₾

ბექა ოდიშარიას ქვისლის, ლევან გოგსაძის კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი ერიცხება. მისი სამშენებლო კომპანია სახელმწიფო ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. 22 მილიონი ლარი მან ასე მიიღო. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი