
"ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ შეეცდება რუსული კანონის მიღებას და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მოკვლას.
მაშინ როცა საქართველოს აქვს შანსი, გაარღვიოს რუსეთის კოლონიალური სივრცე და საბოლოოდ დამკვიდრდეს ევროპულ საზოგადოებად და ევროკავშირის ღირსეულ წევრად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ისევ მიზანმიმართულად ცდილობს ჩვენი ევროპული მომავლისა და დემოკრატიის საბოტაჟს. ეს შეთქმულებაა, საქართველოს და მისი ხალხის წინააღმდეგ. ეს კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლაა იმ ხელისუფლებისა, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს კონსტიტუციის ჩანაწერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.
ახლა, რუსული კანონის შემობრუნების შემდეგ, კიდევ უფრო მკაფიოდ გვითხრეს ჩვენმა მეგობრებმა, რომ ასე არ გამოვა, ასე საქართველო არათუ წინ წავა ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ, შესაძლოა, უკვე მიღწეული და ხელშესახები შედეგებიც დაკარგოს, როგორიცაა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა ან კანდიდატის სტატუსი. აი ამ რისკების მიუხედავად, ივანიშვილის პარტია ჯიუტად მიიწევს იქითკენ, რომ პუტინის კანონის იდენტური აქტით მოკლას სამოქალაქო სექტორი, დამოუკიდებელი მედია და ალტერნატიული აზრი ქვეყანაში და ტოტალური დიქტატურა დაამყაროს.
მორიგ ჯერზე, "ქართული ოცნების" რუსულმა კანონმა და საკუთარ ხალხთან ასე დაჟინებით გაჩაღებულმა რუსულმა რულეტმა ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ეგზისტენციალურ გზაჯვარედინზე დააყენა.
ავტორი: ბექა ყორშია