მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააკეთა. 

ის დღეს ესწრებოდა ბიუროს სხდომას, რომელიც რუსულმა კანონმა გაიარა და სადაც გადაწყდა, რომ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაეწერა. განხილვა კომიტეტზე პარასკევს, 12 აპრილს დაიწყება. ბიუროს სხდომაზე მსხილაძემ თქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო.

"ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთაც აღნიშნეს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტებში განხილვა. ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარ დაბრუნდებოდა. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს", - თქვა მსხილაძემ IPN-ს ცნობით.

ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარალელურად პარლამენტთან იმართება საპროტესტო აქცია. ონლაინმედიების ჟურნალისტები, რომლებსაც აკრედიტაცია აქვთ, პარლამენტში არ შეუშვეს. გარდა ამისა, "პუბლიკას" ჟურნალისტს პარლამენტში შესვლის დროს დაცვამ სუფთა ფურცელი ჩამოართვა. იხილეთ:

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი