დარწმუნებული ვარ "ოცნებას" კარგი დღე არ ელოდება... ასეთი ხისტი განცხადება მიანიშნებს, რომ ნაბიჯები განსაკუთრებულად ხისტი უნდა იყოს | ნიკა გვარამია მილერის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე მორიგ განცხადებას აკეთებს. სახ.დეპის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ეს უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, ასევე, პრობლემას შეუქნის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოწვევს თუ არა კანონის მიღება სანქციებს, მილერმა უპასუხა, რომ ეს ჯერ კანონპროექტია და ამ ეტაპზე სათქმელი არაფერია -  "თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით". გარდა ამისა, გუშინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, რომელმაც თქვა, რომ "რუსული კანონის" მიღებით "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ხურავს კარებს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ.

მილერის განცხადებას აფასებენ ოპოზიციაში. "ახალის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ დასავლეთი ყოველთვის იმ ნაბიჯებს დგამს, რასაც ქვეყანა იმსახურებს.

"დარწმუნებული ვარ კარგი დღე "ქართულ ოცნებას" არ ელოდება, ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ, რომ როცა რუსეთის მიმართულების ნაბიჯებს დგამ, უნდა იცოდე, რომ ა) დასავლეთისკენ აღარ მიგესვლება და ბ) დასავლეთიც გადმოდგამს ნაბიჯებს, რომელსაც იმსახურებ. ეს ასეა, დასავლეთი დგამს ყოველთვის იმგვარ ნაბიჯებს, როგორსაც იმსახურებ, იმსახურებ უფრო მეტ ინტეგრაციას, იმსახურებ დახმარებას, იმსახურებ მხარდაჭერას, მაშინ ის დგამს ნაბიჯებს შემხვედრს. იმსახურებ რუსეთთან ინტეგრაციის გამო მწვავე დამოკიდებულებას, მაშინ ის გადადგამს ამგვარ ნაბიჯებს. არაფერი გასაკვირი არ არის, ერთადერთი, ასეთი ხისტი განცხადება მიანიშნებს, რომ ნაბიჯები განსაკუთრებულად ხისტი უნდა იყოს, წესით და რიგით", - ამბობს ნიკა გვარამია.

"ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს უნდა ქვეყანას სანქციები დაუწესდეს და რუსეთის მითითებით, მისი სურვილია, ეს სანქცია იყოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა. 

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დასავლეთი გამოფხიზლებულია და ბევრი ილუზიები, რომლებიც ჰქონდათ, როცა ოპოზიციის მიმართ იყო მოწოდებები, რომ "ოცნებასთან" ესაუბრათ და შეთანხმებულიყვნენ, დამთავრდა. 

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სამი დღის განმავლობაში დასავლეთიდან მკაფიო და მკაცრი განცხადებები ისმის და ნათელია, რომ რუსული კანონი, ქვეყნის მეგობრებისთვის, წითელი ხაზია.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" წევრების დასანცირება, ქართველი ხალისთვის გამოსავალი ვერ იქნება, მისი თქმით, გამოსავალია "რუსული კანონი" არ მიიღონ და ხელისუფლება შევცვალოთ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი