თბილისში, ბარ Sky Girls-ში სტუმარზე ფიზიკური ძალადობისთვის მეხუთე პირი დააკავეს.
გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებებისა და ამოცნობის ჩატარების შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ლ.ც.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა - ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ,-აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს, ბარში დაცვის ხუთი წევრი და ერთი თანამშრომელი ივიკო ფრუიძეს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მან ანგარიშის რაოდენობა გააპროტესტა.
3 სექტემბერს, სამართალდამცველებმა "სქაი გერლს" ბარში დაცვის მიერ კლიენტების ცემის ჯერ დაცვის თანამშრომლები, შემდეგ კი ბარის მენეჯერიც დააკავეს.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.