კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - რუსული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად მიმდინარე მსვლელობა პარლამენტთან დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები კვლავ მათი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე დგებიან. პარლამენტთან სიმბოლურად კითხულობენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღგდენის აქტსაც, რომელიც 1991 წელს უზენაესმა საბჭომ სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა. ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის აქტს მარტის აქციების მონაწილე, "ქალი დროშით" წოდებული ნანა მალაშხია კითხულობს.
დღევანდელ აქციას უერთდებიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები.
საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ რუსულ კანონს უპირისპირდებიან ახალგაზრდებიც. ისევე როგორც 7-8 მარტის აქციების დროს, სტუდნეტები ამჯერადაც "ქართული ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ საქართველოს ბელორუსიზაციის გეგმას.
აქციას უერთდებიან ხელოვნები, მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები, სხვადასხვა პროფესიისა და მისწრაფეების ადამიანები, რომლებიც დღეს სწორედ თავისუფლების და ქევყნის დემოკრატიული მომავლის დასაცავად გაერთიანდნენ.