20 ივნისის ღამეს ოკუპაციის გასაპროტესტებლად პარლამენტთან მისულ მოქალაქეებს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლეს - „მთავარმა“ სკანდალური დოკუმენტი მოიპოვა.
სკანდალური ჩანაწერი მიტინგის ერთ-ერთი მონაწილის ჯანმრთელობის ცნობაშია. „ამტელ ჰოსპიტალის“ გაცემულ ფორმა 100-ში თეთრით შავზე წერია, რომ ცოტნე ცოტნიაშვილს, კლინიკაში შეყვანის დროს ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა.
უცხო სხეულის ნაწილაკები, რომელიც ცოტნე ცოტნიაშვილს სხეულიდან ამოუღეს, კარგად ჩანს რენტგენის ფოტოებში. სამედიცინო შემოწმების დოკუმენტიდან დგინდება, რომ რკინის ნაწილაკების გარდა ცოტნიაშვილის წვივიდან რეზინის ტყვიებიც ამოიღეს.
პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია ამ დრომდე „ამტელ ჰოსპიტალში“ ინახება, თუმცა მკურნალი ექიმის გარეშე საავადმყოფოში ინფორმაციის გაცემა არ ისურვეს.
საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მალევე ცოტნიაშვილი, რომელიც, წესით, დაზარალებულად უნდა ეცნოთ, ბრალდებული გახდა. გამოძიება მას ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ვინ ესროლა მომიტინგეს ცეცხლსასოლი იარაღიდან - ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს ბრალდებული ცოტნიაშვილის ადვოკატი ჯერ ერიდება, თუმცა რამდენიმეწამიან კადრებს იშველიებს არგუმენტად. მასალაში ორი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მაღალჩინოსანი ჩანს. ერთ-ერთი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძეა. ამ მასალაზე დაყრდნობით, ადვოკატი ამბობს, რომ ცოტნიაშვილი ამ პირებთან კონტაქტისას დაიჭრა.
ანზორ ჩუბინიძე კი 20-21 ივნისის ღამეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
ცოტნე ცოტნიაშვილი დაზიანებული ფეხით მეოთხე თვეა პატიმრობაშია. ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, სასამართლო მისი თუნდაც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარს ამბობს.