თავისუფლების მარში! ტრაგიკული 9 აპრილიდან 35 წლის შემდეგ ქართველი ხალხი კვლავ იძულებულია, რუსთაველის გამზირზე გამოვიდეს და რუსულ იმპერიალიზმს დაუპირისპირდეს. სამოქალაქო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე იქცა პროტესტის მთავარ გამოხატულებად რუსული კანონის წინააღმდეგ. სტუდენტები, პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები - საქართველო კვლავ ერთიანდება ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
და ეს მხოლოდ პროტესტის დასაწყისია. მოქალაქეები დღევანდელი მსვლელობით ღიად და ხმამაღლა ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ რუსული კანონის მიღებას არ დაუშვებენ. აქციის მონაწილეები ადასტურებენ, რომ კრემლის გავლენებთან ბრძოლაში ძალისხმევა იქნება გაცილებით დიდი ვიდრე შარშან, როდესაც ერთხელ უკვე ჩაიშალა კანონის მიღება. რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მისულმა მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი წაიკითხეს, რითაც ოლიგარქს უთხრეს, რომ ბოლომდე დაიცავენ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.