საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი და ტრაგიკული დღიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს ქვეყანამ 21 გმირის სიცოცხლის ფასად უდიდესი და მთავარი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისკენ. ეს იყო ყველაზე სისხლიანი სპეცოპერაცია და ქართველი ხალხის სამაგალითოდ დასჯის მცდელობა, თუმცა წარუმატებელი. თავისუფლებისთვის გაერთიანებული ერი არ დანებდა და 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დღეს, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც კვლავ, რუსულ ოკუპაციას უპირისპირდებიან არიან 35 წლის წინანდელი მოვლენების მონაწილეებიც და ადამიანებიც, რომლებმაც მხოლოდ წიგნებიდან და გადმოცემით იციან, რა მოხდა რუსთველის გამზირზე.