როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ დათქმებს - 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან დაკომპლექტებულმა კოალიციამ დღეს პირველი ერთობლივი შუალედური ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი, ის ამბობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს 9 დათქმა და რომ დრო არ ითმენს. მისივე თქმით, ცხრავე ნაბიჯი ერთნაირად მნიშვნელოვანია.
ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებიან ოპოზიციონერებიც. ისინი ამბობენ, რომ "ქართული ოცნებას" არ სურს 9 ნაბიჯის შესრულება, რადგან თუ ეს პირობები შესრულდა, მმართველი გუნდი ძალაუფლებას დაკარგავს.
"დღევანდელი განცხადებები ძალიან მოზომილი და დიპლომატიურია, ეს ასეც უნდა იყოს, თავისთავად ცხადია, როდესაც ელჩი ამბობს, რომ დრო არ ითმენს, მე ამას განვიხილავ ქართველი ხალხისთვის მიმართვად და არა ხელისუფლებისადმი. საქართველოს ხელისუფლება ღიად და აფიშირებულად აფიქსირებს ნებას, რომ მას ევროკავშირი არ სჭირდება. ესეც გასაგებია, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას აღელვებს საკუთარი თავის შენარჩუნება მმართველ პოზიციაზე და ეს მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციის სახით არის შესაძლებელი, ხელისუფლების უზურპატორების ადგილი კი ევროკავშირში არ არის, ძალიან მარტივად, შესაბამისად, მათი არჩევანი ვერ იქნება ბუნებრივად ევროკავშირი, მათი არჩევანი არის ის გავლენის სფერო, სადაც ხელისუფლების უზურპატორებს სწყალობენ და მიესალმებიან, ეს არის რუსული გავლენის სფერო", - თქვა "ახალის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ.
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება არაფრის შესრულებას არ აპირებს, ხოლო რიგ პუნქტებთან დაკავშირებით, როგორიცაა საარჩევნო საკითხი და მართლმსაჯულება, პირიქით, მდგომარეობა გაუარესდა.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნების" მიზანია გამორიცხოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირთან.