მიხეილ რამიშვილის გასაჯაროებული ფოტომასალის ნამდვილობას, რომელიც ადვოკატის თქმით, სატელიტიდან არის გადაღებული და საკუთარი წყაროებით მოიპოვა, საქართველოს პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს.
შოთაძის უწყების განცხადებაში წერია, რომ მათ ბაჩალიაშვილების ადვოკატმა წყარო არ დაუსახელა, რის გამოც, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე, თუმცა ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა იმის დასადგენად, ხომ არ არის ფოტოებზე მონტაჟის კვალი.
ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვევა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი, სატელიტური თანამგზავრი, კომპანია, ქვეყანა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, ასევე დაესახელებინა წყარო, ვისი მეშვეობითაც მოიპოვა აღნიშნული ფოტოები, რათა გამოძიების მიერ მომხდარიყო ოფიციალური საერთაშორისო სამართლებრივი წყაროებით გადამოწმება და გამოთხოვა.საგამოძიებო უწყებაში, მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან.
მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა მხოლოდ 2 ფოტო და ვინაიდან არ წარმოუდგენია მათი წარმომავლობის წყარო და შესაბამისი მონაცემები, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე. აქედან გამომდინარე, რადგან არსებობს აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ეჭვი, იმის დადგენის მიზნით ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს - განცხადება მიხეილ რამიშვილმა გუშინ, 8 სექტემბერს გააკეთა, რის შემდეგაც პროკურატურამ ის გამოკითხვაზე დაიბარა.
მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ კადრები მან თავად მოიპოვა და დასტურდება, რომ თეთრიწყაროს ტყეში, ბაჩალიაშვილის მანქანა მიყვანილია .