"[რუსული კანონი] ქმნის სახიფათო პრეცედენტს... მოვუწოდებთ მთავრობას, გაიწვიოს ის" | საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველო

გამოქვეყნდა:

"[რუსული კანონი] ქმნის სახიფათო პრეცედენტს... მოვუწოდებთ მთავრობას, გაიწვიოს ის", - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოს განცხადებაშია საუბარი. ორგანიზაცია "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურება.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ „რუსულ კანონს“ - კანონს, რომელიც არამხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ერის დემოკრატიულ ქსოვილს, არამედ ბაძავს რუსეთში დაწესებულ რეპრესიულ ზომებს სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობისა და კონტროლის მიზნით.

ეს შემოთავაზებული კანონი, რომელიც საშინლად ჰგავს ავტორიტარულ ტაქტიკას, ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების „უცხო გავლენის აგენტებად“ შერაცხვას, რითაც ქმნის სცენარს ხელისუფლების გადამეტებულობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისა. ეს არის პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიულ ღირებულებებზე, გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე - იმ საყრდენებზე, რომლებზედაც თანამედროვე, ღია საზოგადოებები დგანან.

"რუსული კანონი" არ არის პრობლემური მხოლოდ მისი არსით - გადმოწერილი რუსეთში არსებული მსგავსი კანონმდებლობისგან, რომელიც შექმნილია სამოქალაქო ჩართულობისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად - ის ფუნდამენტურადაც ნაკლოვანია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო უფლებების დამცველების, აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფასდაუდებელი როლის აღიარება და პატივისცემა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ანგარიშვალდებულების ადვოკატირებაში. ასეთი კანონის შემოღება სერიოზულად შეაფერხებს მათ ფუნქციონირებას მათი უცხოურ ჩარევასთან უსამართლოდ დაკავშირების საფუძველზე და ძირს გამოუთხრის მათ სანდოობასა და ლეგიტიმურობას საზოგადოების თვალში.

უფრო მეტიც, ეს საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს გამჭვირვალობისა და რეგულირების პრინციპების არასწორ ინტერპრეტაციას. საერთაშორისო სტანდარტები და ეუთოს ვალდებულებები ხაზს უსვამს, რომ გაერთიანების თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის აუცილებლობას, პროპორციულობას და დისკრიმინაციის აკრძალვას.

შემოთავაზებული კანონი არა მხოლოდ არ აკმაყოფილებს ამ პირობებს, არამედ პრინციპულად ეწინააღმდეგება ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფარქვეშ სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაუსაბუთებელი შეზღუდვების დაწესებას. ამ კანონის აშკარა განზრახვა, მოახდინოს დასავლეთის დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მარგინალიზება და დისკრედიტაცია, ძირს უთხრის საქართველოს ვალდებულებებს დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპებისადმი. ის ქმნის სახიფათო პრეცედენტს, შემოაქვს დისკრიმინაცია და ხელს უწყობს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც საზოგადოების კრიტიკული ხმა დუმდება კანონმდებლობით, რომელიც არის დისკრიმინაციული, არაპროპორციული და არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და არსს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაიწვიოს ეს შემოთავაზებული კანონმდებლობა, ჩაერთოს შინაარსობრივი მსჯელობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარი დაუჭიროს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთა დანერგვაც საქართველოს დაევალა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. კანონებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას ახდენს, აიგივებს დასავლეთის დაფინანსებას მავნე გავლენასთან და ძირს უთხრის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ უნდა ჰქონდეს ადგილი საქართველოში ან ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც ისწრაფვის თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.

იმ ქართველების 90%-ის სოლიდარობის ნიშნად, ვისაც სურს იხილოს საკუთარი ქვეყანა ევროკავშირის წევრად, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მიმართ ისევე, როგორც მათი უფლებისადმი, რომ ხელისუფლების არასათანადო ჩარევისგან თავისუფალნი იყვნენ თავიანთ საქმიანობაში. საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს სამოქალაქო სივრცის დაცვა და ხელშეწყობა და არა მისი შეზღუდვა, - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი