
ქუთაისის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერიამ ასი ათასი ლარით გაიზარდა საკუთარი ხარჯები და 70 ათასი ლარი დაიმატა ხელფასებზე. ენმ ქალაქის მერს მიმართავს, შეაჩეროს ან არ მიიღოს ეს ცვლილებები ბიუჯეტში და ეს თანხა მიმართოს უფასო კვების ბენეფიციართა გაუმჯობესებაზე, რომლის დაფინანსებაც წელს 50 ათასი ლარით შეამცირეს:
„ქუთაისელები ყოველდღიურად შეწუხებულები არიან კატასტროფულად გაზრდილი ფასებით საწვავზე, პროდუქტებზე. სამუშაო ადგილები ყოველდღიურად მცირდება, ქალაქი იცლება, ადამიანები გარბიან ქალაქიდან, რომ ოჯახები იხსნან სიღარიბისგან.
ინფრასტრუქტურულ პროექტებში იხარჯება მილიონები და კაცმა არ იცის უხარისხოდ გაკეთებულ ინფრასტრუქტურაში როგორ იფლანგება მილიონობით ლარი, ქუთაისის მერიამ პირველი რაც გააკეთა მოიფიქრა, რომ ასი ათასი ლარით გაიზარდოს საკუთარი ხარჯები და მათ შორის 70 ათასი ლარი დაიმატოს საკუთარ ხელფასებზე. ამის პარალელურად ქუთაისის მერი დღემდე აფერხებს ჩვენს ინიციატივას, რომ გადაიხედოს უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვების რაციონი, რადგან ხელფასების ზრდის მიუხედავად, ეს თანხები 50 ათასი ლარით შეამცირეს წელს და ორი ლარი და 15 თეთრი იხარჯება მხოლოდ ერთ დღეში ერთი ადამიანის გამოკვებაზე, ამიტომ ჩვენ მივმართავთ ქუთაისი მერს - ან შეაჩეროს ეს და არ მიიღოს ეს ცვლილებები ბიუჯეტში და ეს თანხა მიმართოს უფასო კვების ბენეფიციართა გაუმჯობესებაზე, ან ეს წყალ-წყალა კვება, რომლითაც ყოველდღიურად კვებავენ ბენეფიციარებს, თვითონ დაჯდეს ამ რაციონზე და ნახოს საკმარისია თუ არა ადამიანის ნორმალური გამოკვებისათვის.“ - განაცხადა გიგა შუშანიამ.