ჩვენ გავაკეთეთ არა მექანიკური, არამედ შინაარსობრივი ალოკაცია |კაჭკაჭიშვილი კვლევის შედეგებზე

გამოქვეყნდა:

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებზე დასმულ შეკითხვებს, ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქ პოსტით პასუხობს და წერს: 

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გარკვეული ვნებათაღელვა და ზოგიერთების მხრიდან ქილიკიც კი გამოიწვია.
უნდობლობა, ძირითადად, შეეხო პარტია „ახალის“ შედარებით მაღალ რეიტინგს და იმას, რომ მასსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის დისტანცია დაბალია (9% - „ახალი“. 10% - „ნაცმოძრაობა“). სხვათა შორის, ეს განსხვავება 5%-ით იზრდება ალოკაციის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ.
მესმის, რომ „ახალი“ ახალი პარტიაა და, მგონი, პირველად გაიზომა მისი რეიტინგი მას შემდეგ, რაც პარტიად გაფორმდა. ამდენად, ბევრისთვის, შესაძლოა, მოულოდნელი იყო მისი კარგი რეიტინგი (ჩემთვისაც, რომ არ დავმალო).
რა მოხდა? 
სულ მცირე, 3 მიზეზს დავასახელებ: 
1) „ახალისთვის“ ხმების ძირითადი წყარო ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ამომრჩეველია. განხეთქილება ნაციონალურ მოძრაობაში არ შეხებია მხოლოდ ე.წ. „ლიდერშიპს“, არამედ, როგორც ჩანს, შეეხო ნაცმოძრაობის ამომრჩეველსაც. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ნაცმოძრაობა ყოველთვის იღებდა 13-17%-ს. ახლა მისი რეიტინგი 10%-ია. სად წავიდა ნაცმოძრაობის ხმები? ცხადია, „ახალში“ (ნაცმოძრაობის ყოფილი ამომრჩევლისთვის სხვა, უფრო თავსებადი პოლიტიკური ძალა არ არსებობს). რამდენი წავიდა? სავარაუდოდ, არანაკლებ 5%-ისა. 
2) ამომრჩევლებში სულ იყო (და ჯერ კიდევ არის) დაკვეთა ახალ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალაზე. რომელი ძალა გამოჩნდა ასეთი 2020 წლის არჩევნების შემდეგ? მხოლოდ „ახალი“. 
3) ახალგაზრდების გააქტიურება არჩევნებში მონაწილეობისთვის ყოველთვის იყო პრობლემა, ამას გამოკითხვები სულ აჩვენებდა და აჩვენებს. რა ქნა „ახალმა“?  თავისი პრეზენტაცია სწორედ წარმატებული ახალგაზრდების წინა პლანზე წამოწევით დაიწყო და ამან იმუშავა.

ორიოდე სიტყვა პარტიული რეიტინგების ე.წ. „ალოკაციის“ შესახებ. ჩვენ გავაკეთეთ არა მექანიკური, არამედ შინაარსობრივი ალოკაცია, ანუ პარტიული რეიტინგების რევიზია მოვახდინეთ სხვა შეკითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად. მაგალითად, ე.წ. „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის ხვედითი წილი მექანიკურად და პროპორციულად კი არ გადავანაწილეთ სხვა პარტიებზე (როგორც სხვები აკეთებენ), არამედ განვსაზღვრეთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების პოლიტიკური ორიენტაცია და სიმპატიები; აგრეთვე, გავითვალისწინეთ, რამდენად მყარად იყვნენ დარწმუნებულნი რესპონდენტები თავიანთ არჩევანში, შევხედეთ მეორე არჩევანს და სხვ. 
ასეთმა შინაარსობრივმა ალოკაციამ გვაჩვენა, რომ ოპოზიციური პარტიებიდან 5%-იანი ბარიერის გადალახვის რეალურ შანსს ატარებს ორი პარტია: საქართველოსთვის (5.2%) და ლელო (4.7%). 
პირადად მე, როგორც ამომრჩეველი, წარმატებას ვუსურვებ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას, რათა არც ერთი საღი ხმა არ დაიკარგოს 2024 წლის არჩევნებზე." წერს კაჭკაჭიშვილი.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი