ირანის თავდასხმა ისრაელზე | საერთაშორისო გამოხმაურებები

გამოქვეყნდა:

ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმა დაგმო აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერომ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებმა.

გასულ ღამეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ რკინასავით მტკიცეა. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი თქვა, რომ "აშშ უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე."

თავდასხმის პირველ საათებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, "მკაცრად დაგმო" ირანის ქმედება და მიუღებელი უწოდა.

"ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის უპრეცედენტო ესკალაცია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას," - დაწერა ბორელმა X-ზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია.

"მკაცრად ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს შემდგომი რეგიონული ესკალაცია. მეტი სისხლისღვრა თავიდან უნდა ავიცილოთ. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის დაკვირვებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად," - განაცხადა მიშელმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა შეშფოთება გამოთქვა და მკაცრად დაგმო ირანის ქმედება.

"მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ღრმად შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით გამანადგურებელი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართონ მაქსიმალურ თავშეკავებას, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ფრონტზე დიდ სამხედრო კონფრონტაციებამდე მიყვანა შეუძლია. არაერთხელ მითქვამს, რომ არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია კიდევ ერთი ომი დაუშვას," - თქვა გუტერეშმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ისრაელისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერას. 

"მკაცრად ვგმობ ირანის რეჟიმის დაუფიქრებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ. ირანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აპირებს ქაოსის დათესვას საკუთარ ეზოში. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელისა და ჩვენი რეგიონული პარტნიორების, მათ შორის, იორდანიისა და ერაყის უსაფრთხოების დაცვას. მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ სიტუაციის სტაბილიზაციასა და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. არავის სურს მეტი სისხლისღვრის ხილვა," - თქვა სუნაკმა.

ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც:

"ირანმა უპილოტო საფრენი აპარატები ესროლა ისრაელს. ჩვენ ვგმობთ მიმდინარე თავდასხმას უმკაცრესად, რაც მთელ რეგიონს ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს უქმნის. ირანმა და მისმა მარიონეტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ეს. ისრაელს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ," - დაწერა ბერბოკმა X-ზე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენის მქონე ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად."

მასალა განახლებადია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი