ხვალ საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო დონეზე იწყებს რუსული კანონის განხილვას - ივანიშვილის პარტია კიდევ ერთხელ შეეცდება საქართველოში რუსული ყაიდის დიქტატურა ჩააბეტონოს და ამით საბოლოო განაჩენი გამოუტანოს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
არ დარჩა ტრიბუნა, არ დარჩა საქართველოს არც ერთი მეგობარი, არც ერთი პარტნიორი სახელმწიფო - რომელმაც საქართველო არ გააფრთხილა. გერმანიის კანცლერმა პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებას, უკან გაიხმოს ერთხელ უკვე უარყოფილი და საყოველთაოდ ნეგატიურად შეფასებული კანონი.
ალბათ ესეც ხელისუფლების და მისი ძალიან ვერაგი პროპაგანდის ჩანაფიქრი იყო ის, რომ სწორედ საპარლამენტო განხილვის წინ უნდა მიესაჯა სასამართლოს ლაზარე გრიგორიადისისთვის უმკაცრესი განაჩენი, როგორც გაფრთხილება, რომ ცამდე მართალიც რომ იყოთ, რეჟიმი მაინც გაგიშვებთ ციხეში თუკი ამას საჭიროდ ჩათვლისო.
ლაზარე ახლა თავისუფალი ადამიანი, ფორმალურად ის ჯერ კიდევ საპატიმროში რჩება, ვიდრე ბიუროკრატია და დოკუმენტაცია მის საკნამდე მიაღწევს, მაგრამ შეწყალების შესახებ პრეზიდნტის გადაწყვეტილება მიღებულია და უახლოეს დღეებში ლაზარე თითქმის ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ თავის ოჯახს დაუბრუდნება.