
"ქართული ოცნება", რუსული კანონის განხილვის დაწყების დღეს, მედიის ნაწილს პარლამენტში შესვლას უზღუდავს - პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება და ცხადდება უსაფრთხოების ყვითელი დონე, რაც ვიზიტორებისთვის შენობაში შესვლის შეზღუდვას გულისხმობს.
ასევე, მედიასთან დაკავშირებით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტიდან მუშაობის უფლება მხოლოდ ტელევიზიების წარმომადგენლებს ექნებათ. პარლამენტში შესვლას ვერც აკრედიტაციის მქონე სხვა ჟურნალისტები შეძლებენ.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.