მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი | ოპოზიციის განცხადება

გამოქვეყნდა:

პარლამენტი რუსული კანონის განხილვას ზუსტად ერთ საათში, 10:00 საათზე დაიწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება.

საპარლამენტო ოპოზიციამ მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთა და "ოცნებას" კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაიწვიოს რუსული კანონი და ხელი არ შეუშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. 

"ერთი წლის წინ ივანიშვილის პარტიამ სცადა რუსული კანონის გატანა, მაგრამ გაიწვია ხალხის ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, რამაც მნიშვნელოვანწილად მოიტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ივანიშვილის პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს შემოიტანოს რუსული კანონი პარლამენტში ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად.

რუსული კანონი, რომელიც ემსახურება საზოგადოების დაყოფას და დაპირისპირებას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი არ მიიღოს საქართველოს პარლამენტმა. ჩვენი მიზანია დავიცვათ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ამბობს, კი ევროპას, არა რუსულ კანონს", - ამბობს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

"ევროოპტიმისტების" წევრი, ხატია დეკანოიძე კი მოქალაქეებს რუსული კანონის გასაპროტესტებლად, პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს:

"მინდა ვთხოვო ყველას და მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ძვირფასო მეგობრებო, შვილებო, დებო, ძმებო, ყველა ის ადამიანი, ვისაც ნამდვილად აღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი, დღეს წყდება არა მხოლოდ კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში, არამედ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, ვისაც როდის შეგიძლიათ, მობრძანდით საქართველოს პარლამენტთან. ვინაიდან, ჩვენი ხმა, საქართველოს მოქალაქეების, თქვენი ხმა, ახალგაზრდების, სტუდენტების, ვისაც ნამდვილად აინტერესებს სად იქნება საქართველო რამდენიმე წელში, მობრძანდით, გააპროტესტეთ და ნამდვილად გააგონეთ თქვენი ხმა "ქართულ ოცნებას," - ამბობს დეკანოიძე.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი