ორბელიანის სასახლეში შეხვედრები გრძელდება - პრეზიდენტთან დღეს აუდიენცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, ჰქონდა. მან შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
როგორც გიგაური ამბობს, საუბრის მთავარი თემა რუსული კანონი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ჩვენ ვართ მზად ბრძოლისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთს არ დავუთმოთ. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ჩვენ გვქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს და პრეზიდენტსაც ეს ინფორმაცია მივაწოდე, რომ ჩვენ ყველანაირი ბრძოლისთვის ვართ მზად - ეს იქნება სამართლებრივი ბრძოლა თუ სხვა ტიპის ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვურთიერთობთ აბსოლუტურად ყველა ჯგუფთან, რომელიც ჩართული არის ამ ბრძოლაში. ყველა საქართველოს პატრიოტი არის ისტორიის სწორ მხარეს," - ამბობს გიგაური.